ახალი ამბები
პირველი თებერვლიდან ქვეყანაში შემოსვლის დროს ახალი კოვიდ რეგულაციები იმოქმედებს
FaceBook

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ,  პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით,  საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალქეებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებზე ისაუბრა.


მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვისაც საზღვარზე შემოსვლის დროს ექნება PCR  ტესტის ნეგატიური პასუხი, საკუთარი არჩევანის მიხედვით გადაინაცვლებს 8 დღიან თვითიზოლაციაში ან ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარებს PCR  ტესტს და ნეგატიური პასუხის შემთხვევაში, თვითიზოლაციიდან გათავისუფლდებიან.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, თუ მათ ექნებათ კოვიდ ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი, თავისუფლად, თვითიზოლაციის გარეშე შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ხოლო არავაქცინირებული უცხოელი ტურისტებისთვის სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR  ტესტის ნეგატიური პასუხი, საზღვრის გადაკვეთის მესამე დღეს კი სავალდებულო იქნება კიდევ ერთი PCR  კვლევა.


„პირველი თებერვლიდან  რეგულარული ფრენების აღდგენასთან ერთად, საქართველოს მოქალქეებისთვის ხდება წესების შემსუბუქება, კერძოდ, მათ ექნებათ არჩევანის უფლება, შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური ტესტით და ძველებურად თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ ან  თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ და თავისუფლები იქნებიან თვითიზოლაციიდან. ხოლო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლისას არ ექნება ნეგატიური PCR  ტესტი, 12 ის ნაცვლად 8 დღიანი თვითიზოლაცია წესდება.

რაც შეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, ნებისმიერი ტიპის ვაქცინის სრული კურსის ჩატარების შემთხვევაში, რაც ნიშნავს ორ დოზას, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ შეეძლება საქართველოში შემოსვლა. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ს, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა შეეძლებათ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR  ტესტის ნეგატიური პასუხით, ხოლო მესამე დღეს სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR  ტესტი. ანუ ჩვენ აქ თვითიზოლაციის ვალდებულებას ვაუქმებთ. ამასთანავე,  მივმართავთ ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR  ტესტის ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტი“, -განაცხადა ნათია თურნავამ.

მან ასევე ისაუბრა ეკონომიკის მაჩვენებლის წინასწარ პროგნოზზე და განაცხადა, რომ მოსალოდნელია მისი 6%-ით შემცირება, რასაც მინისტრი პანდემიას უკავშირებს.

Print