ახალი ამბები
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ქუთაისში შეინახავენ
FaceBook
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა თბილისის გარდა, ქუთაისშიც იქნება შესაძლებელი.
"ქუთაისიპოსტს" დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა, მას დაავადებათა კონტროლის ცენტრის შენობაში ისევე შეინახავენ, როგორც სხვა ვაქცინებს.

გიორგიძის განცხადებით, ქუთაისის სამმართველოში 20 მ³ და 30 მ³ სამაცივრე მოწყობილობები აქვთ და ყველა პირობაა იმისათვის, რომ ახალი ვაქცინის დოზების შეინახონ.

"ჩვენთან ისედაც ინახება სხვა ვაქცინები, რომლებსაც გეგმიური ან არაგეგმიურის ვაქცინააცისთვის ვიყენებთ, მათ შორის, წითელასა თუ გრიპის ვაქცინებს. როგორც წესი, ჩვენს ცენტრში ხდება თავმოყრა და შემდეგ მიეწოდება იმერეთის რეგიონებს. ჯერჯერობით არ ვიცით რა ოდენობის და რომელ ვაქცინებს მივიღებთ კორონავირუის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ რაც იქნება საჭიროება ყველა მოვათავასოთ სამაცივრე განყოფილებებში",- ამბობს გოჩა გიორგიძე.

ის მოსახლეობას მოუწოდებს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებულ მითებს ნაკლებად ენდონ.

,,მე თავად გადავიტანე კორონავირუსი. იმუნიტეტი გამომიმუშავდა, მაგრამ ვგეგმავ რომ გავიკეთო მაინც ვაქცინა, რადგან ეს კიდევ უფრო გაამყარებს იმუნიტეტს",- აღნიშნავს გოჩა გიორგიძე.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით ,,კოვაქს" პლატფორმასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ქვეყანა ჯერ ფაიზერს, სემდეგ კი ასტრაზენეკას ვაქცინებს მიიღებს. მოსახლეობის ვაქცინაცია კი შესაძლოა სამ ან ოთხ ეტაპად დაიყოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%-ზეა გათვლილი.

"საქართველოში ის ვაქცინა შემოვა, რომელიც განთავსდება "კოვაქს" პლატფორმაზე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული. ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60 პროცენტზეა გათვლილი, რაც 18 წელს ზემოთ კონტიგენტს გულისხმობს. საზოგადოებრივი იმუნიტეტის შექმნისთვის მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რათა ჩვენ ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის ვაქცინებს სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს მიიღებს.

ავტორი: ანა ჯიქია


Print