ახალი ამბები
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 10 ლარად 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს შესთავაზებენ
FaceBook
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სასწავლო პროცესში ჩართულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს 10 ლარად 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს შესთავაზებენ.

სამინისტრომ ამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

"დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების მოსაძიებლად",
- აცხადებენ სამინისტროში.

დისტანციური სწავლებისთვის ინტერნეტის არ ქონა ან და დაბალი სიჩქარე ისევე როგორც სხვა რეგიონებში, პრობლემატურია ქუთაისშიც.

,,წინა წილის ბოლო სემეტრი ფაქტიურად დისტანციურად დავასრულეთ და გამოცდილება გვაქვს ონლაინსწავლების, თუმცა ჯერ კიდევ არის და რჩება გამოწვევები, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ ხარვეზებს, ინტერნეტის დაბალ სიჩქარეს, ზოგ შემთხვევაში ტექნიკის არ ქონას,"- ამბობს ქუთაისის რესურსეცნტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი. 

18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 10 ლარიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ივნისის ბოლომდე ისარგებლებენ.  ინტერნეტპაკეტის შესაძენად ვებგვერდი https://mobile.emis.ge/ დღეს 14:00 საათზე ამოქმედდება.
Print