ახალი ამბები
"გარდაცვალების მთავარი მიზეზი არის ის, რომ პაციენტებს ოჯახის წევრები დიდხანს ტოვებენ ბინაზე " - თენგიზ ცერცვაძე
FaceBook
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ქუთაისის კლინიკების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას  იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძეც ესწრებოდა. თენგიზ ცერცვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ქუთაისში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის შემდეგ, ქუთაისი კვლავ რჩება ვირუსის გავრცელების ცხელ წერტილად.

მისი თქმით, კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან ინფიცირებისა და გარდაცვალების სტატისტიკის შემცირების კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრა, მათ შორის არის მაღალი დონის სასუნთქი აპარატების შეძენა, რომელიც ქალაქში არსებულ ყველა კლინიკას არ აქვს.

თენგიზ ცერცვაძემ, ასევე ისაუბრა გარდაცვალების მაჩვენებლებზეც და განაცხადა, რომ ამის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ინფიცირებული პაციენტის მიერ კლინიკისადმი დაგვიანებული მიმართვაა.

"ეს გააშუქეთ ყველგან, პაციენტებს ოჯახის წევრები ტოვებენ ბინაზე იქამდე, ვიდრე ის არ გახდება სარეანიმაციო. სწორედ, ეს არის გარდაცვალების ყველაზე დიდი მიზეზი. ერთი თვის წინ თუ ამას რამე გამართლება ჰქონდა, რომ საწოლები არ იყო, ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდებოდნენ, ახლა ხომ მთლიანად მოხსნილია ეს საკითხი? ჩემი რეკომენდაციაა, რომ როცა კოვიდ პაციენტი ჰყავთ ოჯახში, ნუ დააყოვნებენ, მაშინვე დაუკავშირდნენ ექიმს და შემდეგ ექიმმა გადაწყვიტოს დარჩეს პაციენტი ოჯახში თუ გადაიყვანონ კლინიკაში", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა ვაქცინაციასა და მესამე ტალღაზე. მისი თქმით, ვაქცინის ძირითადი ნაწილი ქვეყანაში, სავარაუდოდ, მარტიდან შემოვა, ვაქცინაციის პირველი ეტაპი კი თებერვლიდან, მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის დაიწყება.

ქუთაისში კოვიდ პაციენტებს 10 კლინიკა ემსახურება.
Print