ახალი ამბები
ბაზრობებზე დასაქმებულების რეგულარული ტესტირება იგეგმება
FaceBook
ღია და დახურული ბაზრობების თანამშრომლებს რეგულარული ტესტირება ჩაუტარდებათ.

ამის შესახებ ბაზრობების ადმინისტრაციებთან შეხვედრისას იმსჯელეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით იმისათვის, რომ სექტორმა მუშაობა განაახლოს, მნიშვნელოვანია დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც სადეზიფექციო სამუშაოების ჩატარებასთან ერთად, თანამშრომლების ტესტირებას გულისხმობს.
,,ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, ძირითადად, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ გატესტვაში,“- განაცხადა ნადარეიშვილმა.

ქუთაისში, აგრარული ბაზრის დირექტორის, ოლეგ არღვლიანის განცხადებით, კორონავირუსზე დაახლოებით 120 თანამშრომლის ტესტირება იგეგმება.

,,ჩემი წარმომადგენლი ესწრებოდა შეხვედრას. იგეგმება ტესტირების ჩატარება. სადეზინფექციო სამუშაოებს ისედაც ვატარებდით. დაახლოებით ვგეგმავთ, რომ 120 ადამიანს ჩაუტარდება რეგულარული ტესტირება. როდიდან განვაახლებთ სრულდ მუშაობას ჯერჯერობით არ ვიცით, მაგრამ იმ მაღაზიებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის უფლება და რომლებიც განთავსებულია ჩვენთან რეგულაციების დაცვა უწევთ“,-  ამბობს ოლეგ არღვლიანი.

აგრარული ბაზრის დირექტორის თქმით, კორონავირუსით გამოწვეულმა რეგულაციებმა სავაჭრო დაწესებულების შემოსავალი 40 პროცენტით შეამცირა.

,,მნიშვნელოვანი კლებაა. ამაზე რეგულაციებმა იმოქმედა. მოიჯარეები, რომლებიც მიმდებარე სოფლებში ცხოვრეობენ ტრანსპორტის მუშაობის შეჩერების გამო ვერ ახერხებენ მუშაობას, გარდა ამისა, ყველა მაღაზიას ასევე რეგულაციების გამო არ აქვს მუშაობის უფლება და ზარალი დაახლობით 40 პროცენტია“,- განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

რეგულაციების გამო თითქმის სრულად დახურულია სავაჭრო ცენტრი ,,იმერეთი“. ფუქნციონირებას სავაჭრო დაწესებულების აგრარული ნაწილი აგრძელებს და როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეგულაციების დაცვა მაქსიმალურად ხდება. მაღაზიების უმეტესი ნაწილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციებს ეკავა, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯერჯერობით მუშაობის უფლება არ აქვთ. ადმინისტრაციაში ჯერ დაზუსტებით ვერ საუბრობენ რამდენ ადამიანს შეეხება რეგულარული ტესტირება მისი დაწყების შემთხვევაში და ვერც იმაზე, რა ოდენობის ზარალი აქვს სავაჭრო ცენტრს პანდემიის გამო.

მთავრობის გადაწყვეტილებით 28 ნოემბრიდან ქვეყანაში საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს. დახურულია სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სავაჭრო ცენტრების, მოლებისა და ბაზრობების გახსნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 1 თებერვლიდან დააანონსა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print