ახალი ამბები
,,უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი" - ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი.

მომავალ ვაქცინაციაზე მან საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.

„შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“ , - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იანვრის ბოლოსთვის საქართველო მზად იქნება პირველი პარტია ვაქცინის მისაღებად, რაც პირველ რიგში, მიმართული იქნება ჯანდაცვის პროფესიონალებისკენ, ხოლო შემდეგ - რისკ-ჯგუფებისკენ.

"დაწესებულება, სადაც მოხდება ვაქცინაცია უნდა იყოს შესაფერისად აღჭურვილი, რომ მართოს ის მოსალოდნელი გვერდითი რეაქციები, რაც ვაქცინაციას თან სდევს. ჩვენს პროტოკოლში ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. ტრეინინგი ჩატარდება და იანვრის ბოლომდე ჩვენ ვაქცნის პირველი პარტიის მისაღებად მზად ვიქნებით, რომელიც მიმართული იქნება ჯანდაცვის პერსონალისკენ. შემდეგ მათ მოჰყვებიან ადამიანები, რომლებიც ასაკში არიან, მაღალი რისკის მატარებლები კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში და შემდეგ ეტაპობრივად ეს გავრცელდება მოსახლეობის სხვა დანარჩენ ჯგუფებზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მისივე ინფორმაციით,  ვაქცინა ქვეყნის მოსახლოების 20%-ისთვისაა შეკვეთილი ანუ 700 000 ადამიანისთვის, მაგრამ ვაქცინის დოზაა 1.4 მლნ.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.









Print