ახალი ამბები
სამტრედიის საკრებულოს ,,ენმ"-ს დეპუტატი კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს
FaceBook
სამტრედიის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან" მამუკა ბიბილეიშვილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020 წლის 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მას შემდეგ იგი კოვიდაღრიცხვაზე იმყოფება. ინფიცირებულმა  კი დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვითიზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით, სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა.

დეპუტატის მტკიცებით კი მას წესები არ დაურღვევია, რადგან მკურნალობიდა 13 დღე გასული იყო და სიმპტომებიც არ აღენიშნებოდა. მამუკა ბიბილეიშვილი აცხადებს, რომ სამტრედიის პოლიციამ მას სპეცოპერაცია მოუწყო.

,,კანონდარღვევით დამიწერეს ჯარიმა. გამოვედი სამედიცინო შემოწმებითვის. მეუღლე წავიყვანე და არა სხვა მიზნით.  ტელეფონებზე მოსმენით დააფიქსირეს, რომ გამოვდიოდი და  ჰქონდათ დავალება, რომ მე როგორც ოპოზიციის დეპუტატი დავეჯარიმებინე და ყოფილიყო გახმაურებული ამბავი, რომ საკრებულოს დეპუტატი დააჯარიმეს წესების დარღვევისთვის.

სამართალდამცველებს არ უნახავთ ექიმის დასკვნა, რომელიც თან მქონდა. საინტერესოა ის, რომ რამდენიმე დღის წინ სხვა ადამიანისთვის გამოვიძახე სასწრაფო და დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა ადგილზე მისასვლელად, მაშინ როცა პოლიციამ ჩემთვის ხუთ წუთში ქუთაისიდან ჩამოიყვანა ბრიგადა",-
აცხადებს დეპუტატი.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწერილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ მომხდარს სასამართლოში უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს.

Print