კორონავირუსი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს
FaceBook
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებელია, რომ კორონავირუსზე ტესტირება აფთიაქებშიც ჩატარდეს.
ამის შესახებ გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" ისაუბრა, რითაც უპასუხა, წამყვანის კითხვას, შესაძლებელია, თუ არა აფთიაქებში კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება, რათა ტესტირებაზე ხელმისაწვდომობა გაფართოვდეს.

მისი თქმით, აფთიაქი ამ შემთხვევაში, პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.

"პრინციპში შესაძლებელია. ამ ეტაპზე დავაკვირდებით. ჩვენ გავაფართოეთ ტესტირება, აქამდე 30-მდე დაწესებულება იყო, ხვალიდან, ზეგიდან თბილისში უკვე 80-ზე მეტი დაწესებულება იქნება. მთელს ქვეყანაში, დაახლოებით 300-მდე და შემდეგში უფრო გაფართოვდება. მათ შორის ერთ-ერთ ვარიანტად იყო განხილული. აფთიაქებს აქტიურად ვიყენებდით ცე-ჰეპატიტის სკრინინგის დროს, აქაც შეიძლება, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი ფართია", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა უკვე საუბრობს ტესტებზე, რომელიც ორსულობის დამდგენი ტესტის მსგავსად, აფთიაქებში იყიდება.

"არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე ხანში მსგავსი ტესტირება ნერწყვიდან და არა ნაცხიდან შემოვიდეს. ნერწყვის ტესტების ვალიდაცია საერთაშორისო დიდ კომპანიებში ახლა მიმდინარეობს, ჯერ არ არის. მომავალში (არა ხვალ-ზეგ) არ არის გამორიცხული, რომ ამ ტიპის ტესტი იყიდოთ და თქვენ თვითონ ჩაიტაროთ. მისი ჩატარების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. არავითარი სამედიცინო განათლება არ სჭირდება", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სხვას უკეთებს პირი ამ ტესტს, მაშინ შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი.

საქართველოში  უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც 1-ელ თებერვლამდე  გაგრძელდება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Print