კორონავირუსი
კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
FaceBook
შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის,
- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სიჭინავას თქმით, სამუშაო ჯგუფის მიზანია ქვეყანა მომზადებული შეხვდეს კორონავირუსის ვაქცინაციისს პროცესის დაწყებას.

"შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის, რაც გულისხმობს ვაქცინაციის დროულ შემოტანას და ყველანაირი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას ქვეყნის მაშტაბით, როგორც ინფრასტრუქტურული ისე ლოჯისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციისს პროცესის დაწყებას",-განაცხადა სიჭინავამ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინას მიიღებს.

"ჩვენ ვართ აქტიურად ჩართული პროცესში. დღეის მდგომარეობით ჩვენ ვახორციელებთ, ასევე, დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზებას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტირების და შესაბამისად საქართველოს მასშტაბით მისი გადანაწილებისთვის. იმ თარიღში როცა ის უკვე ხელმისაწვდომი იქნება, რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას", -  განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მთავრობის განმარტებით,  საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს კოვიდვაქცინა  700 000-  მდე პირისთვის. 

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print