ახალი ამბები
ჯანმო - პანდემიის შესაჩერებლად მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას
FaceBook
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს,
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება.

შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა. AstraZeneca-ს, Moderna-სა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 4472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print