ახალი ამბები
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები კორონავირუსით დაინფიცირდნენ
FaceBook
ჭიათურაში მაღაროელები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.


ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურის" თავმჯდომარე ნოდარ ჩაჩანიძე ავრცელებს.


"ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში, ჩემი ინფორმაციით 9 მაღაროელს დაუდასტურდა კორონავირუსი. კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" არ აჩერებს საწარმოო პროცესს და იქ დასაქმებულ მაღაროელებს საშუალება არ აქვთ გადავიდნენ თვითიზოლაციაში. პრეტენზიის შემთხვევაში, ხელმძღვანელობა მხოლოდ უხელფასო შვებულებაში გასვლის უფლებას აძლევს",- აცხადებს ნოდარ ჩაჩანიძე.

,,ჯორჯიან მანგანეზში" შუქრუთის მაღაროში ვირუსით ინფიცირების ფაქტებს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ასრულებენ.

თავად, მაღაროში დასაქმებულებს ამაზე საუბარი არ სურთ. 

,,გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, შპს "შუქრუთი +"-ის 9 მაღაროელს კორონავირუსი დაუდასტურდა და მათ არ აქვთ შესაძლებლობა თვითიზოლაციაში გადავიდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. შპს "შუქრუთი +" ზედმიწევნით ასრულებს საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. კომპანია საწარმოო ობიექტებზე სისტემატიურად ატარებს სადეზინფექციო სამუშაოებს, დასაქმებულებს ყოველდღიურ რეჟიმში უტარდებათ თერმოსკრინინგი. ასევე, პერიოდულად ტარდება პისიარ ტესტირება, თანამშრომლები აღჭურვილნი არიან პირადი დაცვის საშუალებებით",- განუცხადეს ,,ქუთაისიპოსტს" კომპანიაში.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე მაღაროელების ინფიცირების შემთხვევებზე საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ საწარმო პროცესის შეჩერების აუცილებლობა არ დგას.

,,ზუსტი რაოდენობა რამდენს აქვს ვირუსი ვერ გეტყვით, თუმცა წინა თვეებთან შედარებით შემთხვევის რაოდენობა გაზრდილია. კომპანიას აქვს თავისი პროტოკოლი კორონავირუსის მართვის შესახებ. ამის მიხედვით, ვისაც აღმოაჩნდება სიმპტომები გადაჰყავთ იზოლაციაში და უნარჩუნდებათ ხელფასი. თუ არის ისეთი ვინც აცხადებს, რომ ეშინია რომ არ გადაედოს ვირუსი, კომპანია სთავაზობს, რომ დაწეროს განცხადება უფასო შვებულების შესახებ. ამ ეტაპზე საწარმოო პოროცესის შეჩერების აუცილებლობა, ისევე როგორც ეს მოხდა ტყიბულში, არ დგას",- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

,,ჯორჯიან მანგანეზს" 5000-ზე მეტი პირი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს აერთიანებს

ავტორი: ანა ჯიქია
Print