კორონავირუსი
3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში
FaceBook
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა,
- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

"დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 73 154-ს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე",  - განმარტავს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

კარანტინის რეჟიმშია 2506 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4918 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3311 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print