ახალი ამბები
"საქართველომაც რომ გამოაცხადოს ლოკდაუნი, უფრო მარტივად დაძლევს ამ სიტუაციას“
FaceBook
ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადების საჭირობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად ამ მეთოდს უკვე ბევრმა ქვეყანამ მიმართა. ცერცვაძე, ეპიდემიოლოგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ საქართველოში ვირუსის შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს.

"ფიქსირდება უფრო მეტი ახალი შემთხვევა და ჯერჯერობით ეს მხოლოდ იზრდება. როგორც გვეუბნებიან ეპიდემიოლოგები, პროგნოზი ისეთია, რომ შეიძლება მატება გაგრძელდეს და 3000-ს გადასცდეს. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომაც რომ გამოაცხადოს, უფრო მარტივად დაძლევს ამ სიტუაციას", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ლოკდაუნის გამოცხადებაზე ჯერჯერობით არ საუბრობს ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო მიყვება ადაპტაციისა და წერტილოვანი შეზღუდვების არჩეულ სტრატეგიას.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში  კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


Print