კორონავირუსი
იმერეთში კორონავირუსით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონტუათის სკოლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ქალბატონი 54 წლისაა და დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.


სკოლის დირექტორის გიორგი სანოძის ინფორმაციით, გარდაცვლილი სკოლაში ბოლოს ორი კვირის წინ იყო, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, მკურნალობდა და წუხელ გარდაიცვალა, ხოლო  მისი მეუღლე რამდენიმე საათი ადრე. 

მათი ინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში შვილმა დაწერა. ის ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებზე და საავადმყოფოებში არსებულ უყურადღებობაზე საუბრობს.

როგორც მათი შვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, მისი მშობლებისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ იპოვეს.

ისინი თავდაპირველად სახლში მკურნალობდნენ , დამძიმების შემდეგ კი ქუთაისის კლინიკას მიმართეს, თუმცა მამაკაცის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი მიიღეს და ის საავადმყოფოდან გამოწერეს. შვილი იძულებული იყო მამა გორში წაეყვანა, თუმცა იქაც რეანიმაციაში ვერ მოათავსეს ადგილების არ არსებობის გამო.

გარდაცვლილი ქალი კლინიკა ''უნიქალმედიში'' მკურნალობდა.

კლინიკის დორექტორი არ ადასტურებს ინფორმაციას, თითქოს პაციენტი რეანიმაციაში ვერ მოათავსეს. როგორც ის განმარტავს, ვიდრე პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, მას ჩვეულებრივ განყოფილებაში მკურნალობდნენ, დადებითი პასუხის შემდეგ კი კოვიდცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

დირექტორის განცხადებით, ქალის გადარჩენა ფილტვების მწვავე უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება, გორის სამედიცინო დაწესებულებას იქ განმარტავენ, რომ  გარდაცვლილი ოჯახის წევრების ბრალდება უსაფძვლოა. 

"პაციენტი, რომელიც გუშინ გარდაიცვალა, კლინიკაში შემოსული იყო 3 ნოემბერს, უტარდებოდა ინტენსიური მკურნალობა საერთაშორისოდ აღიარებული და დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად. კორონავირუსით ინფიცირებულს თანმხლები ქრონიკული და მწვავე დაავადებები აღენიშნებოდა, მათ შორის, ორივე ფილტვის პნევმონია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრის მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა, პაციენტს არასათანადო მკურნალობა ჩაუტარდა, აბსოლუტურად უსაფუძვლოა და შეურაცხმყოფელია იმ სამედიცინო პერსონალის მიმართ, ვინც 24-საათიან რეჟიმში, გმირულად იბრძვის თითოეული კოვიდინფიცირებული პაციენტის გადარჩენისა თუ მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის", -  განმარტავენ "გორიმედის" ადმისტრაციაში.
Print