ახალი ამბები
"არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ "ლოქდაუნს" - მაია ცქიტიშვილი
FaceBook
არ ვგეგმავთ არანაირ სისტემურ "ლოქდაუნს", წერტილოვანი შეზღუდვებს ვაგრძელებთ,
- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებებიც წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს.

"ჩვენ მხოლოდ ოდნავ ვცვლით შეზღუდვების მუშაობის რეჟიმს, თუ რესტორნების მუშაობის საათები რამდენიმე ქალაქში იყო შეზღუდული, ამ ქალაქების რაოდენობა ფართოვდება, მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ რესტორნებს ვხურავთ. ასევე სკოლებზე საუბარია გარკვეულ ქალაქებზე და სწავლის გაჩერებას არ ნიშნავს ეს. ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, რომელიც ძალიან ეფექტურია და გვეხმარება ბალანსი შევინარჩუნოთ ეკონომიკასა და მოქალაქეების ჯანმრთელობას შორის",-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 44 522 შემთხვევა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print