ახალი ამბები
საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა ისევ გადაიდო
FaceBook
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრებისა და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა 1-ელი ნოემბრით, გარკვეული პერიოდით გადაიდო.
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, დაშვებულია კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.




Print