პოლიტიკა
ქუთაისში, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში, 873 ამომრჩეველია რეგისტრირებული
FaceBook

2020-ის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ქუთაისში, თვითიზოლაციასა და კოვიდსასტუმროებში მყოფი 873 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც გადასატანი ყუთი მოითხოვეს არჩევნებში საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.


ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარატვენ, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების ხმის მიცემის უფლების უზრუნველსაყოფად ექვსი უბანია გახსნილი.

საარჩევნო უბნები მე-2; 30-ე;მე-14; 23-ე ;31-ე და 33-ე საჯარო სკოლებშია გახსნილი.

რაც შეეხება, გადასატანი ყუთის გამყოლ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ისინი სპეცაღჭურვილობით: ხალათებით, ხელთათმანებით, პირბადეებით და ფარებით იმუშავებენ.

კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ცესკომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 26 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაასრულა.

იმ პირებს, რომლებიც ვირუსის გამო თვითიზოლაციაში შესაძლოა რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ მოხვდნენ, ,,ქუთაისიპოსტს" ცესკო-ში განუცხადეს, რომ ისინი გადასატან ყუთს ვეღარ მოითხოვენ და შესაბამისად, ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებენ.

2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 130 უბანია გახსნილი. აქედან შვიდი სპეც.უბანია: ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის, ექვსი კი თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისთვის. 46 უბანი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, შერეული სისტემით, ერთპროცენტიანი ბარიერით და ბლოკებით გაიმართება. ქუთაისში მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად მერსაც ირჩევენ, რადგან არჩეულმა მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა საკუთარი სურვილით, ვადაზე ადრე, 2020 წლის 8 აპრილს დატოვა.

ქუთაისში ცესკოს მონაცემებით 155 ათას 10 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ავტორი: ანა ჯიქია
Print