ახალი ამბები
ამირან გამყრელიძე: ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით
FaceBook

ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინზე განაცხადა.


მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა გაგრძელდება და დაახლოებით ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში იქნება პიკი.

"საერთო მაჩვენებლის მიხედვით და იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრამდე საქართველოს 1500 ინფიცირებული ჰყავდა, ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი გვაქვს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა, 100 ათასს მოსახლეზე არის 26 ანუ ჩვენი შიდა შუქნიშნის მიხედვით, ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადავედით. კომულატიური მაჩვენებლის მიხედვით, რასაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ გვაქვს კარგი მაჩვენებელი ტესტირებაში. მილიონ მოსახლეზე გაქვს 213 ათასი ტესტი. ყოველდღიური გვაქვს დაახლოებით 10 ათასის ფარგლებში, რაც ამ პერიოდისთვის, ეპიდემიის ამ მასშტაბებისთვის კარგია", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამოჯამრთელდა 350 ადამიანი, ხოლო  გარდაიცვალა 5 ადამიანი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 24562 შემთხვევაა დადასტურებული.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

Print