ახალი ამბები
მთავრობის მკაცრი რეკომენდაცია: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადე ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება
FaceBook
საქართველოს მთავრობამ პირბადის ტარების მკაცრი რეკომენდაცია ქვეყნის სამ ქალაქზე გასცა.

თბილისში, ქუთაისსა  და ბათუმში რეკომენდაციის მიხედვით, ღია სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება.

შესაბამისი გადაწვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.

"მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ამაზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოში ბოლო 24 საათში 1759 კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის სამ დიდ ქალაქზე: თბილისში, ქუთაისში და ბათუმში დაფიქსირდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი, 23 მაისს კი, მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გაუქმდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print