ახალი ამბები
იმერეთში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
იმერეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 295 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი 445 შემთხვევა თბილისში დადასტურდა. მეორე ადგილზე კვლავ იმერეთია. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  14 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 3 შემთხვევა იმერეთს უკავშირდება.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა. 73 წლის მამაკაცი გალიდან და 70 წლის ქალი სამეგრელოდან იყო. კლინიკაში აცხადებენ, რომ ორივე პაციენტს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

"დღეს, გარდაიცვალა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი და 70 წლის ქალი. პაციენტებს კორონავირუსთან ერთად თანმდევი დაავადებები ქონდათ. მათი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, დაავადების მძიმე მიმდინარეიბის გამო,სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა  კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ. 

მესამე გარდაცვალების ფაქტი თერჯოლაში დაფიქსირდა. თერჯოლის კოვიდკლინიკაში კორონავრუსით 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კლინიკა "თერჯოლამედის" დირექტორის თქმით, პაციენტს სხვა თანმდევ დაავადებებთან ერთად ფსიქიკური პრობლემაც ქონდა და მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო. პაციენტი კლინიკაში 16 ოქტომბერს შეიყვანეს და გუშინ გარდაიცვალა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია

Print