კორონავირუსი
მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ - გიორგი გახარია
FaceBook
მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს,
- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს რეკომენდაციაა, თუმცა, ყველა ორგანიზაციამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ორგანიზაციების კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძებლობა არსებობს, მაგრამ ეს არის რეკომენდაცია და ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ჩვენ ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როცა ერთ დაწესებულებაში დაახლოებით 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს და ავღჭურვოთ ყველა იმ აუცილებელი საშუალებით, დაწყებული პირბადით და დამთავრებული შესაბამისი საშუალებებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავის თავი,"-განაცხადა გახარიამ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print