ახალი ამბები
COVID-19-ის გამო, ქუთაისის ექვსი საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
FaceBook
კორონავირუსის გამო ქუთაისში სრულად დისტანციურ სასწავლო რეჟიმზე 38 საჯარო სკოლიდან ექვსი გადავიდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ვირუსის ახალი შემთხვევები  მეცხრე, მეათე, მეცამეტე და პირველ საჯარო სკოლებში დაფიქსირდა. ოთხივე სკოლაში თითო პედაგოგია ინფიცირებული.


,,დღეის მდგომარეობით ინფიცირებულია ქუთაისის ოთხი პედაგოგი, ოთხი სხვადასხვა სკოლიდან. შესაბამისად, სკოლები გადავიდნენ დისტანციური სწავლების რეჟიმზე. კორონავირუსი დაუდასტურდა მე-40 საჯარო სკოლის მოსწავლეებს. დისტანციურ სასწავლო პროცესზე სამი კლასის მოსწავლეები გადავიდნენ,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მეცხრე, მეათე, მეცამეტე და პირველი სკოლების გარდა, სრულად დისტანციური სასწავლო პროცესია 31-ე და 36-ე საჯარო სკოლებში.


კორონავირუსი პირველად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ერთდროულად 21 თანამშრომელი დაინფიცირდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print