ახალი ამბები
COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის იმერეთში 700 საწოლია გათვალისწინებული
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის იმერეთის კოვიდკლინილებში 700 საწოლია განკუთვნილი.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის  წარმომადგენლებთან შეხვედრისას  განაცხადა.

მინისტრის  ინფორმაციით, რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

,,ვთვლით, რომ იმერეთში აჭარაში მიღებული პრაქტიკიდან გამომდინარე სიტუაცია იქნება ბევრად უფრო კონტროლირებადია. იმერეთში მობილიზებულია 700-მდე საწოლი, რომელიც არამხოლოდ ქუთაისშია, არამედ  სხვა მუნიციპალიტეტებშიც. საწოლფონდი ამ ეტაპისთვის არის საკმარისი. ჩვენ უკვე დავნერგეთ და ძალიან წარმატებულად აჭარაში ბინაზე ვირუსის მართვის პრაქტიკა ჩართულები არიან ოჯახის ექიმები."

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ქუთაისში ასევე ორი ონლაინ კლინიკა ფუნქციონირებს. მინისტრის განცხადებით, ვირუსის სამართავად ამ ეტაპზე სხვა კლინიკების დამატება არ იგეგმება.

28 სექტემბერს იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქუთაისის  ახალ ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განმარტებით, კლინიკაში 48 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი კი ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ორივე გამოჯანმრთელებული არასრულწლოვანია. ამ დრომდე კლინიკაში კორონავირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა. აქედან სამი ბავშვი, ერთი ორსული და ორი ზრდასრული პაციენტია. კოვიდკლინიკაში დადასტურებული კოვიდ 19-ით მკურნალობის კურსს 95 პაციენტი აგრძელებს. უახლოეს დღეებში მედიკოსები კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

ავტორი: ანა ჯიქია
Print