ახალი ამბები
კორონავირუსი ქუთაისის კიდევ ერთი სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისში, მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით,  ინფიცირებულს სკოლის სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია და სასწავლო პროცესის განახლებას ხელი არ შეეშლება. 

"დადასტურებული არის ერთი შემთხვევა მე-15 საჯარო სკოლაში და ეს არის პედაგოგი. ამ დილით დაუფიქსირდა ტესტზე დადებითი პასუხი.  მას კონტაქტი სხვა პედაგოგებთან და მით უფრო მოსწავლეებთან არ ქონია, შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენს, " - ამბობს რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი.

მისივე თქმით, ქუთაისში კორონავირუსზე ტესტირება ჩატარებული აქვს 160-მდე პედაგოგს, აქედან ნაწილი უკვე დადასტურებულთან კონტაქტია, ნაწილს აჭარაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლა მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ყველა კლასის მოსწავლეები, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს სკოლებში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ რესურს ოთახში.


ქუთაისში სასწავლო პროცესის განახლება მას შემდეგ გადაიდო, რაც კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და 10 სექტემბერს, #32 -ე საჯარო სკოლაში, ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდასტურდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print