ახალი ამბები
ქუთაისის კოვიდ საკარანტინე სივრცეში 8 ადამიანია გადაყვანილი
FaceBook
ქუთაისში სასტუმრო "არგომ" მეორე დღეა პაციენტების მიღება დაიწყო.

სასტუმროში ამჟამად 8 ადამიანი იმყოფება. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, კოვიდ საკარანტინე სივრცეში დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანს გადაიყვანენ.

იმერეთის მასშტაბით, საკარანტინე ზონა წყალტუბოსა და საჩხერეშიც ფუნქციონირებს.

ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა უმრავლესობა ე.წ. ოქროს ბირჟას უკავშირდება.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



Print