კორონავირუსი
იმერეთის რეგიონში კორონავირუსის 11 შემთხვევა გამოვლინდა
FaceBook
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, გამოვლენილ პაციენტთა უმრავლესობა კვლავ 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება, სადაც ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდგინდა.


გუბერნატორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება. ინფიცირებული ჭიათურის მკვიდრია და ის არასრულწლოვანია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოზარდის კონტაქტების კვლევა.

იმერეთის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 1131 ნიმუში შემოწმდა.

მესამე დღეა ქუთაისში აღარ მუშაობს საველე ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქამდე დაინფიცირებული ყველა პირის კონტაქტები დადგენილია და საველე ლაბორატორიის ფუნქციონირება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.


საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3119 -ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13 -ით გაიზარდა და 1435 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში  მეთვალყურეობის ქვეშ 836.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print