კორონავირუსი
ქუთაისში პირველი საკარანტინე სივრცე გაიხსნება
FaceBook
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის საკარანტინე ზონა გაიხსნება.

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, მოქალაქეებს სასტუმრო "არგო" მიიღებს. სასტუმრო მუშაობას ხვალიდან დაიწყებს.

ქუთაისში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდგინდა.

გამოვლენილ პაციენტთა უმრავლესობა კვლავ 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება, სადაც ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს დაუდგინდა. გუბერნატორის თქმით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების კვლევა მათი დაინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.

გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში სულ 1226 ადამიანი გამოიკვლიეს.

მეორე დღეა ქუთაისში აღარ მუშაობს საველე ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქამდე დაინფიცირებული ყველა პირის კონტაქტები დადგენილლია და საველე ლაბორატორიის ფუნქციონირება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 179 შემთხვევა დადასტურდა.



ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print