ახალი ამბები
COVID-19-ის გამო, იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადი შემცირდა
FaceBook
პანდემიის გამო, იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია.

მაგალითად, იმერეთის დაცულ ტერიტორიებს,  15 ივლისიდან, (მას შემდეგ რაც პანდემიის პირობებში შიდა ტურიზმი  გაიხსნა) 31 აგვისტოს ჩათვლით  28  879 ვიზიტორი ეწვია. გასული წლის ამავე პერიოდში კი, ეს მაჩვენებლი 177 141 შეადგენდა. 

ლაშა ბერეკაშვილი 11 წელია  გიდია. იგი "ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელია".  პანდემიამდე იმერეთს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს ქართველ და უცხოელ ვიზტორებს აქტიურად აცნობდა. 

კორონავირუსის გამო გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ შიდა ტურიზმის გააქტიურებიდან მუშაობა განაახლა, თუმცა თითქმის განახევრებული ტურებით. ამბობს, რომ გიდების მოლოდინი შიდა ტურიზმთან დაკავშირებით არ გამართლდა და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად ქვეყნის შიგნით მოგზაურობის მსურველი არც ისე ბევრი აღმოჩნდა.

,,ფრენების აკრძალვის შემდეგ გვეგონა, რომ მეტი დაინტერესება იქნებოდა შიდა ტურიზმის მიმართულებით. ვეცადეთ, რომ იმერეთით ბევრი ადამიანი დაინტერესებულიყო, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობდა ქუთაისიდან სხვა რეგიონში. როცა დაანონსდა შიდა ტურიზმის გახსნა, მაშინ უნდა დაწყებულიყო ამ თემაზე აქტიურობა. ქუთაისსა და იმერეთში აქტიური პიარკამპანია უნდა ჩატარებულიყო. ბლოგერები და ცნობადი სახეები შეიძლებოდა მოეწვიათ და იმერეთის ცნობად ან ნაკლებად ცნობილ ადგილებზე ესაუბრათ."

კორონავირუსის პანდემის გამო, ფრენების შეჩერებამ და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების საავიაციო ბაზრიდან გასვლა ტურისტულ სექტორში ჩართული ბიზნესებისთვის დამატებითი ზიანის მომტანი აღმოჩნდა.  სექტორი  8 თვეზე მეტია შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფი მწვანე ზონის ქვეყნებიდან რეგულარული ფრენების აღდგენას, ქუთაიაის აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანებისათვის ფრენების უფლებას და საქართველოს მოქალაქეებისათვის საკარანტინო შეზღუდვების მოხსნას და ორკვირიანი კარანტინის სწრაფი პისიარ ტესტების ჩატარებას ითხოვენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა Wizzair-ის რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ფრენების აღდგენის საკითხი Ryanair-თანაც მიმდინარე წელს უნდა გადაწყდეს.


ავტორი: ანა ჯიქია
Print