კორონავირუსი
ქუთაისში საველე ლაბორატორია, შესაძლოა, აიღონ
FaceBook
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, სავარაუდოდ, ქალაქის ცენტრში დადგმული საველე ლაბორატორიის დემონტაჟი მოხდება.

ამის მიზეზად მხარის რწმუნებული კარავ
ში მოქალაქეთა მიმართვიანობის შემცირებას და აღებულ ნიმუშებზე უარყოფით პასუხებს ასახელებს.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში კარვიდან აღებულ ნიმუშებზე არც ერთი დადებითი პასუხი არ გვაქვს. შესაბამისად, დავაკვირდებით დინამიკას და თუ საჭიროება აღარ იქნება, ავიღებთ. უკვე ვიცით ყველას კონტაქტი, ვინ სად ცხოვრობს, ვინ კარანტინშია, ვინ თვითიზოლაციაში და შესაბამისად, ვმართავთ სიტუაციას", - განაცხადა გუბერნატორმა.

ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი ე.წ. 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება.

არ გაზრდილა 24-ე საჯარო სკოლის კლასტერი, სადაც ვირუსი სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს დაუდასტურდა. ვირუსზე უარყოფითი შედეგები მიიღეს აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და შვიდმა პროფესორ-მასწავლებელმა. 24-ე საჯარო სკოლის საქმეთა მმართველმა, რომელიც ამავდროულად უნივერსიტეტის მაგისტრია, 12 სექტემბერს უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის გამოცდა ჩააბარა. მას შემდეგ, რაც მას ვირუსი დაუდასტურდა, ტესტი გაიკეთა და თვითიზოლაციაში გადავიდა ყველა ის პირი, ვინც გამოცდას ესწრებოდა.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა


Print