ახალი ამბები
"საქართველო კვლავ რჩება "მწვანე", უსაფრთხო ზონაში"
FaceBook
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კვლავ რჩება მწვანე, უსაფრთხო ზონაში.

ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გამყრილიძემ აღნიშნა, მოსახლეობა უნდა შეეცადოს, რომ უსაფრთხოება სრულად შეინარჩუნოს.

"მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა, ჯერჯერობით საქართველო, ჩვენ კვლავ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად და უნდა შევეცადოთ ეს უსაფრთხოება სრულად შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციების დაცვა, რასაც განსაკუთრებით ხაზი ესმევა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print