ახალი ამბები
"ქუთაისში კოვიდპაციენტებისთვის 300-მდე საწოლი გვაქვს" - ზვიად შალამბერიძე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ირწმუნება, რომ ქუთაისში კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში საწოლების პრობლემა არ შეიქმნება.

მისი თქმით, ქალაქის სხვადასხვა კლინიკებში სულ 300-მდე საწოლია.

"ქუთაისში გვაქვს 300-მდე საწოლი, იმისათვის, რომ მივიღოთ კოვიდპაციენტები და ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, წელში გამართულები ვართ", - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

თუმცა, ბოლო რამდენიმე დღეა ადგილების  უქონლობის გამო პაციენტებს ვეღარ იღებს ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო. ინფიცირებულები ახლა კლინიკა "ბომონდში" გადაჰყავთ.

"ბომონდშია" მოთავსებული 32-ე სკოლის მასწავლებელთა კლასტერის ყველა პაციენტი, ასევე, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 10 ინფიცირებული პირიც.

ქუთაისში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 1 132 ტესტი გაკეთდა. უფასო კვლევა ქალაქის ცენტრში განთავსებულ საველე ლაბორატორიაში ყოველდღიურად ტარდება.



ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print