კორონავირუსი
საქართველოს 6 დიდ ქალაქში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო
FaceBook
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში კლასებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა,თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.

"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, სწავლება 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება.

ქუთაისში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



Print