კორონავირუსი
ქუთაისში კორონავირუსი კიდევ 7 ადამიანს დაუდასტურდა
FaceBook
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ქუთაისში 7-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, მათი დაინფიცირების წყარო ძირითადად აჭარის კლასტერს და ქუთაისის 32-სკოლის კლასტერის ქვეკონტაქტებია.

"დაინფიცირებულთა შორის ერთ-ერთი ისევ პედაგოგია. პაციენტები გადაყვანილი არიან შესაბამის დაწესებულებებში. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები."

მისი თქმით, არ გაზრდილა ,,ვენდისის" კლასტერი. კვების ობიექტის თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1917 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის გვერდზე განახლდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია
Print