ახალი ამბები
"რეკომენდაცია იქნება, თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდეს" - ამირან გამყრელიძე ქუთაისის 32-ე სკოლაზე
FaceBook
ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დასწრებული სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან სავარაუდოდ, ვერ განახლდება.

ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 32-ე სკოლის 21 ინფიცირებული თანამშრომლიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს და მათ დაავადებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.


"ქუთაისის 32-ე სკოლაში 21 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელიც თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ სადღესასწაულო სუფრას უკავშირდება. ამავე სუფრიდან "ცაგერის კლასტერი" შეგვექმნა, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა, ასევე ქუთაისის 3 შემთხვევა, რომელიც 21 შემთხვევამდე გამოვლინდა და ასევე ზუგდიდის შემთხვევა.

უნდა გავითავისოთ, რომ არ არის ახლა სადღესასწულო და ჭირის სუფრების დრო, რომელიც ძალიან მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ფაქტია, რომ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ ქვეყანაში მოიმატა.

ორი დიდი კლასტერი, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, სადღესასწაულო სუფრებს უკავშირდება. ერთი ბათუმში დიდი ქორწილი, რომელმაც "გურიის კლასტერი" მოგვცა, 8 შემთხვევით და მეორე უკვე თბილისის სადღესასწაულო სუფრა.

გამოვლენილი 21 შემთხვევის კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს.

32-ე სკოლაში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ სკოლის პედაგოგების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში და ახლა მიმდინარეობს 21 ინფიცირებულის საავადმყოფოებში გადანაწილება. საბედნიეროდ შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებითაა, ტემპერატურის მომატებით და ხველით. მძიმე შემთხვევა არცერთი არაა. დიდი ალბათობით, ამ სკოლაში არ იქნება დასწრებული სწავლის განახლების საშუალება. ალბათ, უფრო რეკომენდაცია იქნება, თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი პირველად ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდგინდა. იგი ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მან სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. კორონავირუსი დაუდასტურდა ინფიცირებული თანამშრომლის ოჯახის წევრებსაც.



Print