ახალი ამბები
აჭარიდან ქუთაისის ინფექციურში ორი ინფიცირებული შეიყვანეს
FaceBook
დადასტურებული COVID-19-ით ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დედა-შვილი აჭარიდან შეიყვანეს.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადები, მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.

"კატასტროფის ბრიგადამ ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარიდან გადმოიყვანა. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ."

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა - 67 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 6 -ით გაიზარდა და - 1321-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი: ანა ჯიქია
Print