ახალი ამბები
COVID-19-ით ქუთაისის ინფექციურში 3 თვის ბავშვი მოათავსეს
FaceBook

დღეს, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 3 თვის ჩვილი ჩოხატაურიდან შეიყვანეს.


დაინფიცირების წყარო ე. წ. დონას კლასტერს უკავშირდება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით,  ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და პნევმონია არ აღენიშნება.


"ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. "

ახალ ინფექციურ საავდმყოფოში მკურნალობას ამ დროისათვის 3 თვის ბავშვის ჩათვლით 10 პაციენტი აგრძელებს. COVID-19 კი სულ 67-მა ადამიანმა დაამარცხა.

დღეს,საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1621 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1302-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6144 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 292 ადამიანი იმყოფება.


ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print