ახალი ამბები
ქუთაისში, კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა
FaceBook
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 47 საეჭვო პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა.
ინფიცირებულია შუა ხნის მამაკაცი, რომელიც ტრაილერის მძღოლია. იგი ქუთაისში გარდაბნიდან გადაიყვანეს. 

კლინიკაში ამ დროისათვის დადასტურებული COVID-19-ით 11 პირი მკურნალობს. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 65.

დღეს,საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა1596 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 15-ით გაიზარდა და 1294-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ავტორი: ანა ჯიქია

Print