კორონავირუსი
ჯანმო - ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ
FaceBook
ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა,
რითაც ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ.

13 აგვისტოს, ჩინეთის ქალაქ შენჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინული ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა. ქათმის ხორცი ერთ-ერთ უდიდეს ბრაზილიულ კომპანია Aurora-ს ეკუთვნის. კომპანიის განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური შეტყობინება არ მიუღიათ. ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ისინი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 283 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 068-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print