კორონავირუსი
ქუთაისში, დაინფიცირებული ქალის 30-მდე კონტაქტი დადგენილია
FaceBook
ქუთაისში,  61 წლის  ინფიცირებული ქალის 30-მდე კონტაქტი გამოვლენილია.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელმა გოჩა გიორგაძემ  განუმარტა.

მისი თქმით, ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია, პისიარ ტესტი კი, მხოლოდ ნაწილს ჩაუტარდა. 

რაც შეეხება, ქალის ინფიცირების პირველწყაროს გოჩა გიორგაძე ამბობს, რომ სავარუდოდ, ესეც იდენტიფიცირებულია. 

"ეს ქალბატონი მუშაობდა მომსახურების სფეროში და სავარაუდოდ,  იქ არის დაინფიცირებული, სიტუაცია კონტროლირებადია", - ამბობს გიორგაძე.

61 წლის ქალი  ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში დღეს მივიდა. ექიმების თქმით, პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამდროისთვის საქართველოში, ახალი კორონავირუსის 1085 დადასტურდა, აქედან, 911 გამოჯანმრთლედა, ხოლო 16 გარდაიცვალა. 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print