ახალი ამბები
მძღოლები და მგზავრები პირბადის გარეშე (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, საზოგადოებრივ ტრანპორტში მძღოლებისა და მგზავრების უმრავლესობას დამცავი პირბადეები არ უკეთია.
რა ხდება ტრანსპორტში პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით -  ამ მიზნით ქუთაისიპოტმა რამდენიმე ავტობუსით და მოკროავტობუსით იმგზავრა. ტრანსპორტში ჩვენი ყოფნის მომენტში პირბადე 10 მგზავრიდან მხოლოდ სამს ეკეთა. ნაწილმა პირბადე მხოლოდ ჩვენი გამოჩენის შემდეგ გაიკეთა.

მძღოლები ამბობენ, რომ იმერეთი საშიში ზონა არაა და ამიტომაც პანდემიით გამოწვეულ მოთხოვნებს მკაცრად არ იცავენ.

"იმერეთი არაა საშიში ზონა, ამიტომ ვიდრე გაჩერებაზე ვარ, მაშინ არ მიკეთია", - ამბობენ საზოგადეობრივ ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები.

თუ რამდენად მოუწოდებენ თავიანთ მგზავრებს პირბადის გაკეთებისკენ, ისინი ამბობენ, რომ მიკროავტობუსის სალონში განთავსებულია გამაფრთხილებელი წარწერა, პირაბდის გაკეთებაზე და მათი თქმით, ეს საკმარისი უნდა იყოს მგზავრებისთვის. თუმცა, აღნიშნავენ, რომ თავდაპირველად მგზავრს ტრანსპორტში ამოსვლისას წარწერის მიუხედავად, წესების დაცვისკენ მაინც მიუთითებდნენ.



ქუთაისში გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ 23 ივლისიდან მკაცრად არიან გაფრთხილებული თვითონ მძღოლები, ხოლო მძღოლებმა მგზავრები უნდა აკონტროლონ.

"გუშინ გვქონდა ამაზე მკაცრი საუბარი და ყველა კატეგორიულად არის გაფრთხილებული. თუკი არ დაიცავენ წესებს, მძღოლები დაისჯებიან", - ამბობს ქუთაისში, ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანია "სამგზავრო 2007"-ის ხელმძღვანელი, ალექსანდერე დვალიშვილი.

საქართველოს მთავრობამ პირბადის ტარების წესი ერთი თვეა, რაც შემოიღო. წესი პანდემიის ან ეპიდემიის დროს საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას პირბადის ტარების საჭიროებას განსაზღვრავს. როგორც მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, პირბადე რესპირატორული დაცვის უზრუნველმყოფი საშუალებაა, რომელიც სასუნთქ სისტემაში წვეთებისა და ნაწილაკების მოხვედრის პრევენციას ახდენს. საქართველოში ყველა ტიპის პირბადის გამოყენება დაშვებულია - როგორც სამედიცინო, ასევე სხვა სახის, მათ შორის სხვადასხვა მასალისგან შეკერილი და ხელნაკეთი პირბადეების.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 20 ლარით, იურიდიული კი 500-ით დაჯარიმდება.

თუ რამდენი მგზავრი და მძღოლი დაჯარიმდა ქუთაისში პირბადის გამოუყენებლობის გამო, ქუთაისიპოსტმა ამ კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.


Print