ახალი ამბები
ქუთაისის ბაზარში პირბადის გამოუყენებლობის გამო გამყიდველები დააჯარიმეს
FaceBook
ქუთაისში, ე.წ. "მწვანე ბაზრის" 6 თანამშრომელი სამუშაო პროცესში დამცავი სამედიცინო პირბადის გამოუყენებლობის გამო დააჯარიმეს.
ბაზრის ადმინისტრაციაში გამარტავენ, რომ ბაზარში დასაქმებულები ხუთ-ხუთი ლარით დაჯარიმდნენ.

"მწვანე ბაზრის" დირექტორი, ოლეგ არღვლიანი ამბობს, რომ როგორც მოვაჭრეებს, ასევე, მომხმარებლებს მუდმივად მოუწოდებს, პანდემით გამოწვეული რეკომენდაციები დაიცვან.

"სულ ვაფრთხილებთ მოვაჭრე პერსონალს. მე პირადად, ვარ ადგილზე და ვაკვირდები ყველას. ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს. მოქალაქეების მხრიდანაც გვაქვს ხოლმე უკმაყოფილება, რადგან პროტესტს გამოთქვამენ ბაზარში პირბადის აუცილებლობის გამო და გვიწევს მათთვის ახსნა-განმარტება".

თავად, ბაზარში დასაქმებულები და მომხმარებლები განმარტავენ, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობენ დამცავი პირბადეები გაიკეთონ.

"სულ გვიკეთია პირბადე. უბრალოდ, ხანდახან, როცა ძალიან გვიჭირს სუნთქვა ნიკაპზე ჩამოვუშვებთ ხოლმე", - გვითხრა "მწვანე ბაზარში" ერთ-ერთმა დასაქმებულმა.

"პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია " - ბაზრის შესასვლელთან ამ მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულების შიგნით დამცავი პირბადის გარეშე მყოფებს ბევრს ნახავთ.



ბანერი ბაზრის შესასვლელთან



კოვიდპანდემიის გამო  ბაზრობები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დაკეტილი იყო. დაწესებულებების ეტაპობრივად გახსნა 5 მაისიდან დაიწყო. ბაზრების ადმინისტრაციებს დაევალათ მკაცრი კონტროლი, სანიტარული ნორმების და პანდემიით გამოწვეული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და კონტროლიც. 

მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახლი შემთხვევების მატების ტენდენცია  დაიწყო, შესაძლოა, ბაზრობების მონიტორინგი კიდევ უფრო  გამკაცრდეს

22 ივლისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბაზრობებზე მეთვალყურეობა უნდა გამკაცრდეს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 

Print