კორონავირუსი
რესტორნები მომხმარებლის გარეშე და გაზრდილი ფასები
FaceBook
ქუთაისში, კორონავირუსით დაზარალებულმა რესტორნებმა უკვე ორი კვირაა მუშაობა განაახლეს, თუმცა, მკაცრი რეგულაციების პირობებში კვების ობიექტებს მინიმალური შემოსავლებით უწევთ მუშაობა.

ხალხმრავლობის შეზღუდვის მიზნით დაწესებული ჯარიმები, ბევრ მომხმარებელს აშინებს და რესტორანში მისვლისგან თავს იკავებს. დამატებითი დისკომფორტია ადამიანებს შორის ერთმეტრიანი და მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება. ასევე, დახურულ სივრცეში ჯდომის შემთხვევაში პირბადის გამოყენების აუცილებლობა.

მომხმარებლებისთვის კომფორტის შესაქმნელად რესტორნების მეპატროეები იძულებული გახდნენ შიდა დარბაზები დაეხურათ და მომსახურება მხოლოდ ღია ტერასებზე გადაეტანათ. შეზღუდვებმა და მომხმარებლის სიმცირემ უკვე იმოქმედა მომსახურების ფასებზეც. რესტორნების უმრავლესობას ტარიფების გაზრდა მოუწია.

ღია სივრცე უკვე გაიხსნა რესტორან "პალადიუმში", თუმცა, კვების ობიექტში ამბობენ, რომ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა, რაც სამომავლოდ ფასებს კიდევ უფრო გააძვირებს.

"მხოლოდ ღია ტერასა გავხსენით, მაგრამ იქაც არ მოდის ხალხი. შეშინებულები არიან, ზოგს ვირუსის ეშინია, ზოგს ჯარიმის, ზოგს მაგიდასთან პირბადით ჯდომა უქმნის დისკომფორტს. ეს ყველაფერზე აისახება და პირველ რიგში, ფასებზე. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ტარიფები, მაგრამ მომხმარებლების სიმცირე ჩვენს შემოსავლებს ამცირებს და სხვა გამოსავალი არ გვაქვს. საშუალოდ 5-10%-ით უკვე არის გაზრდილი ფასები", - ამბობს რესტორან "პალადიუმის" მენჯერი, გიორგი ხურციძე.

მომხმარებლის სიმცირეს უჩივიან რესტორან "გრანდ პალასშიც". ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი რესტორანი ახლა მომხმარებლის გარეშეა დარჩენილი და შეზღუდვების შერბილებას ელოდება.

"სუფრა ფაქტიურად არ იშლება. 10 კაცი რომ მოვიდეს, ხუთი ერთ მაგიდასთან უნდა დავსვათ, ხუთი - მეორესთან. მაგიდები ორი მეტრით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან, ხოლო, ადამიანები - ერთი მეტრით. დღეს, მაგალითად, საერთოდ არ გვაქვს შეკვეთა. ხალხიც ერიდება მოსვლას. მთლიანად ჩავარდნილია ეს სფერო", - ამბობს რესტორან "გრანდ პალასის" მენეჯერი მერაბ შალამბერიძე.

კორონავირუსის გამო დაკეტილი რესტორნები პირველ ივნისს გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, რესტორნებში მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სკამებს შორის მანძილი კი არანაკლებ ერთი მეტრი უნდა იყოს. თუ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, რესტორანმა უნდა უზურნველყონ დროებითი დამცავი ბარიერის მოწყობა. ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის ჯდომა არ შეიძლება. ასევე, აკრძალულია ბარმენებთან პირდაპირი კონტაქტი. ასეთ დროს მომხმარებლისთვის სასმელის მიტანა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.

Print