კორონავირუსი
გაძვირებული შიდა ტურიზმი - რა პრობლემებზე საუბრობენ ტუროპერატორები
FaceBook
15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გაიხსნა, თუმცა, გიდებისა და ტუროპერატორების ნაწილი მუშაობის დაწყების აზრს ვერ ხედავს და ამბობს, რომ ვიდრე მთავრობა რეგულაციებს არ შეარბილებს, მათი საქმიანობა წამგებიანი იქნება.

"საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის" თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ტურიზმისთვის წაყენებული მოთხოვნები ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გადაულახავ პრობლემად იქცა.

"ორი კვირით გადავდეთ მუშაობის განახლება, რომ ვაცადოთ მთავრობას და კერძო სექტორს საერთო ენის გამონახვა. ვიდრე მთავრობა არ შეარბილებს რეგულაციებს, აზრს ვერ ვხედავთ. ძალიან ბევრი რეგულაციაა, რომლებიც გადაულახავ პრობლემად იქცა. გვეუბნებიან, რომ ტურისტულ ტრანსპორტში რამდენი ადგილიცაა, იმის ნახევარი უნდა იყოს ადამიანი, ეს აძვირებს მომსახურებას, პრობლემაა მძღოლის სივრცის იზოლირება, შუძლებელია ასეთ პირობებში რამდენიმე საათი იმგზავროს მძღოლმა. ასევე, თერმოსკრინიგი, რომელიც არის სპეციალისტის საწარმოებელი პროცესი. გარდა ამისა, არ ვიცით როგორი მზაობა ექნება სასტუმროებს ტურისტების მისაღებად და ასე შემდეგ. არის უამრავი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ყველა ამ შეზღუდვას მოყვება ჯარიმები და ნამდვილად არ გვინდა ჩვენი გიდები დაჯარიმდნენ", - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

შიდა ტურები უკვე დაგეგმა ტუროპერატორმა გიორგი კიკვაძემ, თუმცა, ამბობს, რომ მთავრობის რეგულაციების პირობებში მომსახურების ღირებულება გაორმაგდება.

"კვირის ბოლოსთვის უკვე დავგეგმეთ ტურები და შევეცადეთ მნიშვნელოვნად არ გაგვეზარდა ფასები, მაგრამ თუ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობაზე შეზღუდვა იქნება, ტურების ღირებულება აუცილებლად გაორმგდება, რადგან ეს ჩვენთვის გაზრდილ ხარჯს ნიშნავს. უცხოელი ტურისტები აღარ არიან, საქართელოში კი ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა ძვირი ტურით იმგზავრონ, ამიტომ ეს, თავის მხრივ, იმოქმედებს შიდა ტურიზმზეც და აღარ იქნება მოთხოვნადი", - ამბობს გიორგი კიკვაძე.

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან გაიხნა, თუმცა, ტუროპერატორებსა და გიდებს ტურების განხორციელება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად მოუწევთ.

Print