ახალი ამბები
ჯანმო - ვურჩევთ ქვეყნებს, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ხარჯები არ შეამცირონ
FaceBook
უნდა მოხდეს ადამიანების დაცვა სიღარიბისგან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის ფინანსების ექსპერტმა, სარა ტომსონმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სისტემამ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს.

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ევროპის ქვეყნები ბევრი სირთულის წინაშე დგანან და ჯანმრთელობის შოკი ეკონომიკურ შოკში გარდაიქმნა. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები ძალიან რთული გამოწვევების წინ არიან, თუმცა რაც წინა ეკონომიკური შოკების დროს ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ ვურჩევთ ქვეყნებს, არ შეამცირონ ხარჯები საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, მათ არ უნდა შეამცირონ დანახარჯები სოციალურ დაცვაზე, იმიტომ რომ შემდეგ ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის.

ადამიანებს კრიზისის გამო უწევთ არჩევანის გაკეთება, საკვები მიიტანონ სახლში თუ მედიკამენტები, რომელიც აუცილებელია. ჯანდაცვის სისტემამ უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი და უზრუნველყოს, რომ ოჯახებს ჰქონდეთ ფინანსური უსაფრთხოება, რადგან მათ სამსახურები დაკარგეს, ხელფასები შეუმცირეს. უნდა მოხდეს ადამიანების დაცვა სიღარიბისგან. ხალხის, რომელიც სიღატაკის რისკის წინაშეა",-განაცხადა სარა ტომსონმა.


საქართველოში კორონავირუსის 735 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან, 557 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა - 12.

კარანტინის რეჟიმში 3 076 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 250.

28 მაისის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 16.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Print