კორონავირუსი
პანდემიის ფონზე გაძვირებული სტომატოლოგია
FaceBook

ორი თვის შემდეგ სტომატოლოგიური კლინიკები გაიხსნა,  თუმცა, მუშაობის განახლება მხოლოდ იმ დაწესებულებებმა შეძლეს,  რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებენ.


სტომატოლოგიურ კლინიკებსა და პაციენტებს შორის პრობლემად იქცა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - ეკიპირება. ექიმის ეკიპირების თანხა თავად პაციენტმა უნდა გადაიხადოს, მისი თვითღირებულება კი 20-30 ლარამდე  მერყეობს.

ამის  გარდა, შეცვლილია სტომატოლოგიური მომსახურების საფასურიც. მაგალითად: კბილის ამოღების ღირებულება პანდემიამდე  15 ლარიდან 30 ლარამდე მერყეობდა, ახლა ის 30-50 ლარამდეა გაზრდილი.

პირის ღრუს მკურნალობა ადრე 200 ლარი ღირდა, ახლა კი მისი ფასი 300 ლარი გახდა. კბილის დაბჟენის საფასური 35-45 ლარი იყო, ახლა – 70 ლარამდე გაიზარდა.  

მოსახლეობის ნაწილი ექიმთან ვიზიტს, მომატებული ფასის გამო ვეღარ ახერხებს.

ლევან ახვლედიანი, ორი თვე ელოდა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნას. კბილის მკურნალობა მან, საგანგებო მდგომარეობის დროს  დაიწყო. თუმცა, იძულებული გახდა მკურნალობა სახლში გაეგრძელებინა.

"ფასები ძალიანაა მომატებული, თან ეკიპირების თანხას მე ვიხდი. საერთო ჯამში, საკმაოდ დიდი თანხა გამოდის, მირჩევნია ისევ სახლში გავაგრძელო მკურნალობა''

ლევანიგან განსხვავებით, თამთა ფურცხვანიძემ კბილის მკურნალობა, გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, თებერვალში დაიწყო.

"იანვარში ჩამოვედი საქართველოში და თებერვლიდან უკვე დავიწყე კბილზე მკურნალობა"

მალე კორონავირუსის პრევენციის მიზნით, კლინიკა დაიხურა და ორი თვის განმავლობაში თამთა, ექიმის რეკომენდაციებს, დისტანციურად ისმენდა.

სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის შემდეგ, თამთას ექიმთან ვიზიტისთვის ახალი წესების დაცვა უწევს.

" საკმაოდ ძვირი საიამოვნება გამოდის, სტომატოლოგიური მომსახურება.ვიცი, რომ ვიზიტის თანხას ემატება ექიმის ეკიპირების თანხა, მაგრამ ეს ხომ ჩვენი ჯამრთელობისთვის ხდება, თან ყოველდღე არ გვიწევს ვიზიტი და ხარჯის სისტემატიური არაა.სჯობს, ახლა მოვითმინოთ"

თამთა კბილის მკურნალობას აგრძელებს, ჯამში მას, ექიმის მომსახურება 400 ლარი უჯდება.

სტომატოლოგი გიორგი ( სახელი შეცვლილია) ქუთაისიპოსტთან საუბარში, განმარტავს, რომ სტომატოლოგიურ კლინიკებს, საგანგებო მდგომარეობის გამო, შემოსავალი შემცირებული აქვთ.

''ეკიპირების თანხის გადახდა, პაციენტის მხრიდან გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული''

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ მხოლოდ ცხელების ცენტრებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს და იმ კლინიკებს ამარაგებს, თავდაცვითი საშუალებებით, რომლებიც კოვიდდადებით პაცეინტებს მკურნალობს.

დანარჩენი ყველა სხვა კლინიკა, მათ შორის სტომატოლოგიური კლინიკები, ვალდებულნი არიან, თავად უზრუნველონ, ეკიპირების შეძენა.

საქართველოში რეგისტრირებული 1500 კლინიკაა, აქედან მხოლოდ 300-მდე გაიხსნა.

სტომატოლოგიური კლინიკების მომსახურება 22 მაისიდანაა შესაძლებელი.


რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტომატოლოგიური კლინიკა, პაციენტის მიღება, რომ შეძლოს?

რეკომენდაციების სია საკმაოდ გრძელია, ის ეხება, როგორც სამედიცინო პერსონალის, ასევე პაციენტის უსაფრთხოებას.
რეკომენდაციები ეხება სოციალურ დისტანციას და ნარჩენების მართვას.


გარდა იმისა, რომ ყოველი ახალი პაციენტის მიღებისას თავად სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი, სახის ფარი და დამცავი სათვალე, ერთჯერადი ხელთათმანები, სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი, ბახილები, ჩაჩი), ე.წ. ეკიპირების ვალდებულება აქვს თავად პაციენტსაც. სტომატოლოგიურ სავარძელზე ის სპეციალური ხალათის, სათვალისა და ბახილების გარეშე ვერ დაჯდება.

აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რათა კლინიკამ მუშაობის უფლება მოიპოვოს, მას ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორკვირიანი მარაგი უნდა ჰქონდეს.

კლინიკის მიმღებში პაციენტმა უნდა შეავსოს სპეციალური კითხვარი, რომელიც მოიცავს კითხვებს: ხომ არ აქვს მას უახლოეს პერიოდში მოგზაურობის ისტორია? ხომ არ ჰქონია კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან? ჰქონდა თუ არა ტემპერატურის მატება მოკლე პერიოდში? გარდა ამისა, აუცილებელია პაციენტმა მიუთითოს იმ სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რითიც ის კლინიკამდე მივიდა.

მიმღებში შესვლამდე პაციენტი გადის დეზობარიერს, უზომავენ ტემპერატურას და ხელებს უმუშავებენ სადეზინფექციო საშუალებებით.

მკაცრად კონტროლდება მიმღებში ადამიანების რაოდენობაც. თუკი კლინიკას არ აქვს ისეთი ფართი, რომელიც პაციენტებს შორის ორმეტრიან დისტანციას უზრუნველყოფს, მაშინ პაციენტს გარეთ მოუწევს მოცდა. პაციენტებს ეკძალებათ თანმხლები პირის მოყვანაც. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ არასრულწლოვნები და შშმ პირები.

 

Print