ახალი ამბები
იმერეთში კარანტინის რეჟიმში 200-ზე მეტი ადამიანია
FaceBook
იმერეთის რეგიონში კარანტინის რეჟიმში 200-ზე მეტი პირი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიოგიძის თქმით, 22 მაისს კორონავირუსზე 300-ზე მეტი ადამიანი გამოკვლიეს და ვირუსი არცერთ მათგანს დაუდასტურდა. 

იმერეთის მასშტაბით, კორონავირუსის ინფექციაზე მხოლოდ 2 ადამიანი მკურნალობს.

იმერეთში საკარანტინე სივრცე სამ სასტუმროში "სპა ლეგენდში",  "პრომეთე"  წყალტუბოში და ერთი საირმეში დარჩა.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


Print