ახალი ამბები
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსისგან 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა
FaceBook
მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აღნიშნულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს. ამ დროისთვის, გლობალურად დადასტურებული შემთხვევები 5,3 მილიონს აღემატება, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 340 000-ს აღწევს. ინფიცირებულთა რაოდენობით კვლავ აშშ ლიდერობს, მას მოსდევს ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი და ბრიტანეთი.

საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.


კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 316.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.



Print