ახალი ამბები
სილამაზის სალონებმა მუშაობა განაახლეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის სილამაზის სალონებში დილიდან მომხმარებელთა სიმრავლეა.

სალონ "ამაპოლას" მენეჯერის, ცისმარი ტყეშელაშვილის თქმით, მთავრობის მიერ შემუშავებული მოთხოვნების ნაწილს პანდემიამდეც ასრულებდნენ, ნაწილის შესრულება კი ახლა დაიწყეს. 

"დასამუშავებელი სითხეები მაშინაც გვქონდა. მაშინდელები ახლაც მაქვს. დისტანციას არ გვთხოვდნენ. რადგან პატარა ფართი გვაქვს, მანიკურის სპეციალისტი გავუშვით სახლში და იქიდან მუშაობს. დეზობარიერი 45 ლარად ვიყიდეთ, პირბადეები და ხელთათმანებიც და ეს ყველაფერი 250-300 ლარი დამიჯდა, მაგრამ სახლში ჯდომას ჯობია. მაგენის (მთავრობის) მოცემული 300 ლარი მე არ გამომადგება. 300 ლარი წამლებში მეხარჯება და ისინიც ყოველდღიურად ძვირდება". 


წარწერა სალონის კედელზე

მისივე თქმით, კარანტინის დროს მათ თვეში 700-800 ლარამდე იზარალეს. მუშაობის განახლების შემდეგ კი შემოსავლის განახევრებას პროგნოზირებს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეგულაციით, რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ, რათა ობიექტის შიდა სივრცეში მოქალაქეთა მოცდა არ მოხდეს.

ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე მხოლოდ ერთი მომხმარებელი უნდა იყოს დაშვებული. 

თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

ანგარიშსწორებისას უპირატესობა ბარათით გადახდას უნდა მიანიჭონ.
Print