განათლება
საკლასო „ოთახებში“ „დაბრუნებული“ მშობლები
FaceBook

10 საათზე ერთი შვილის ქართული, 11-ზე მეორეს მათემატიკა, 12-ზე ორივეს გაკვეთილი სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა საგანში.


მერე ერთის დავალებები ქართულში, მეორესი მათემატიკაში, ამაში, იმაში, მერე დავალებებისთვის ფოტოების გადაღება, ატვირთვა... 

საბოლოოდ, მოსწავლეზე მეტად, მასწავლებლის კომენტარს დედები ელიან. ეს პანდემიის ეპოქის სასკოლო სისტემის უნივერსალური ფორმულაა, ნერვების ომით და ზოგჯერ ვითარებას შეწირული ბავშვის ინტერესებით.

პანდემიამ ზოგი დედა დისტანციურ მუშაობასთან ერთად, ზოგიც დიასახლისობის პარალელურად, ისევ დააბრუნა „საკლასო ოთახებში“.

ზოგ ოჯახში ყველაფერი ერთ პაწაწინა სივრცეშია Zoom ან Teams სკოლაც, სამსახურიც, სამზარეულოც და ოჯახიც. სხვებს ადგილი ჰყოფნით, მაგრამ ტექნიკა არა. ნაწილს არც ერთი აქვს და არც მეორე. ზოგის ნერვები ამ სტრესს უძლებს, ზოგის ვერა.

,,მოსწავლე“ მშობლები

კესოს სკოლად ქცეულ ოთხოთახიან ბინაში სამი მოსწავლეა და ერთი კომპიუტერი.  პატარები მეექსვე, მესამე და მეორე კლასელები არიან.

მართალია დედამ თითოეულის სასწავლო დრო და გეგმა გადაანაწილა, თუმცა  მისი დახმარების გარეშე, ბავშვებს დამოუკიდებლად მეცადინეობა უჭირთ.


,,ამ სიტუაციაში მოსწავლეები უფრო მშობლები ვართ. ბავშვები ასისტენტებივით არიან. ჩართვის დროს გვერდით გყავს, მაგრამ მთავარ საქმეს შენ აკეთებ.  თანაც ონლაინ სწავლებას ვერ აღიქვამენ სერიოზულად. ისე შეუძლია გავიდეს მეზობელ ოთახში არც ჰკითხოს მასწავლებელს. ამიტომ სულ კონტროლი სჭირდებათ. გაკვეთილების შემდეგ, ყველა ერთად ითხოვს ჭამას, მერე მეცადინეობას.  ზოგჯერ დაღლილობის გამო  დაღამებას ვერ ვიგებ“.


კესოს  გადატვირთული რეჟიმი იმდენად არ ადარდებს, რამდენადაც  შეცვლილი ცხოვრების წესის ემოციური გავლენა შვილებზე. პატარები დედას ხშირად ეკითხებიან, როდის „გააღებენ“ სკოლას, რადგან ყველაზე მეტად მეგობრებთან თამაში ენატრებათ.



ნიკა ჩართვის პროცესში


,,ალბათ, ერთ სივრცეში რომ აქვთ სკოლა, სახლი, გართობა, იმიტომ. გამოწვევების მიუხედავად, ვფიქრობ, ონლაინ სწავლება მაინც კარგი გამოსავალია პანდემიურ ვითარებაში“.

ონლაინ სწავლებისთვის ფეხის აწყობას ცდილობს სოფოს მეოთხეკლასელი ნინიც.

ბინა, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს, მხოლოდ ორი ოთახისგან შედგება. სასკოლო გარემოს შესაქმნელად სივრცე რომ არასაკმარისია, ამიტომ  გაკვეთილების დროს უფროსები ყველა საოჯახო საქმებს ივიწყებენ  და  რამდენიმე საათს სრულ სიჩუმეში ატარებენ.


ნინი მეცადინეობის პროცესში

,,ჩვენი პატარა სახლი როცა ვირტუალურ საკლასო ოთახად იქცევა,  ხმას ვეღარ ვიღებთ. ანუ, გაკვეთილზე ჩვენც ვსხედვართ, ოღონდ მოსწავლეები არ ვართ“.


სოფო ონლაინ გაკვეთილების შემდეგაც შვილთან ერთად მეცადინეობს. ერთად წერენ, კითხულობენ, ინფორმაციებს ეძებენ.

ამასთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრეს-ცენტრის თანამშრომელს, საკუთარი სამსახურის საქმეებთან გამკლავებაც დისტანციურად უწევს.


,,თუ ჩემი სამუშაო და ნინის სამეცადინო დრო ემთხვევა, მე ჩუმად ვმუშაობ. ანდა სადარბაზოში გავდივარ, თუ ტელეფონზე მაქვს სასაუბრო.“


ჩაკეტილ, რუტინულ რეჟიმში დედა–შვილი მარტიდან ცხოვრობს. ორივეს თავისუფალი დრო და ქუჩაში უშიშრად სიარული ენატრება.


პატარა ნინის ყველაზე მეტად გულს ის ფაქტი წყვეტს, საბაზისო წლის დასრულებისთვის დაგეგმილი ღონისძიება რომ ჩაუშალა პანდემიამ. არადა, ამისათვის გოგონა  თანატოლებთან ერთად, მთელი წელი ემზადებოდა.

სწავლების განსახვავებული ფორმა და მოთხოვნები ზოგჯერ თავსატეხს უჩენს იმ მშობლებსაც, რომლებიც ტექნოლოგიურ „სიკეთეებთან“ ვერ ,,მეგობრობენ.“ მაგალითად, შვილთან ერთად, ბევრი კომპიუტერული ოპერაციის შესაწავლა მოუწია მეორეკლასელი ლანას დედას.


,,არასდროს მომიცლია კომპიუტერთან გასართობად. ახლა ლანას გვერდით ვზივარ პირველკლასელივით. ვისწავლე  ატვირთვა, „ვორდში“ წერა, გადაგზავნა. აბა, როგორ დავეხმარო? არადა, ამასთან ერთად ჩვილი მყავს. 12 საათი არ მყოფნის საქმეებს რომ მოვერიო. ღამეებს ვათენებ და  ზოგჯერ ცრემლებამდე მივდივარ, ისეთ დღეში ვარ“.



წარმატებული „მოსწავლეები“


ონლაინ განათლებას რომ ალღო აუღეს, რა თქმა უნდა, ასეთი ოჯახებიც არსებობს. მეტიც, მშობლები ამბობენ, რომ შვილების ვირტუალური სწავლებიდან, მათაც ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღეს.


მაიკო სამი შვილის დედაა. ჰყვება, რომ მისი მეშვიდე მეექსვე და მესამეკლასელი შვილები ონლაინ მეცადინეობას წარმატებით უმკლავდებიან. წარმატების საიდუმლო კი დროისა და ტექნიკის სწორად გადანაწილებაშია. ასევე, მნიშვნელოვანია მოზარდების დამოუკიდებლად მეცადინეობის უნარ–ჩვევები. 

ე გაკვეთილების შემდგომ თამაშსაც ასწრებს




,,თამაშის დროც რჩებათ. მეცადინეობისთვის კი ყველაფერს კოოორდინირებულად აგვარებენ  კომპიუტერის განაწილებიდან დაწყებული, გაკვეთილების მომზადებით დამთავრებული. თუ რაიმე ვერ გაიგეს ტექნიკურ ნაწლში ბავშვებს მამა ეხმარება, ნაბოლარას ძმები. განსაზღრულია დრო და ხელს არ უშლიან ერთმანეთს. პირიქით, ამ გამოწვევამ  იმდენი უზღვავი  ინფორმაცია მოიტანა, რომ გასცდნენ სკოლას და  ლიტერატურასაც კითხულობენ. ზოგჯერ მათი გაკვეთილები ჩემთვისაც ისეთი საინტერესოა, ვცდილობ არ გამოვტოვო“.


აწყობილი რეჟიმის მიუხედავად, ოჯახში ბავშვების მიერ დამოუკიდებლად მომზადებულ გაკვეთილებს უფროსები ,,იბარებენ.“ ოჯახური გამოკითხვის კომისიის წევრები –  დედა და ბებიაა. მათი თქმით, ბავშვებმა ამ დრომდე ყველა ოჯახური ,,გამოცდა ჩააბარეს“.



სოციალური ბარიერი ონლაინ სწავლებაში


მაიკოს ოჯახის მაგალითი უფრო გამონაკლისია, ვიდრე ჩვეულებრივი მოვლენა. ოჯახებში იმას როგორ გადაანაწილებენ, რაც საერთოდ არ აქვთ? დროისა და ტექნიკური უნარების უქონლობის პრობლემებს სცდება იმ დედების წუხილი, რომლებსაც ოჯახში არც ერთი კომპიუტერი აქვთ.

ონლაინ განათლებაში სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ,,ალისუბნის“ თემში მცხოვრებ ზიტას შეეხო.

ზიტას  სასკოლო ასაკის ხუთი  მოზარდი ჰყავს. ბავშვები ორი თვეა რაც   საგანმანათლებლო პროგრამას  ჩამორჩნენ, რადგან მათ არც კომპიუტერთან და არც ინტერნეტთან აქვთ წვდომა.


,,სულ გვეხვეწებოდნენ ბავშვები კომპიუტერს და ჩუმად ვუგროვებდით ფულს მე და ჩემი ქმარი. მერე კორონა დაიწყო და იმ ფულით საჭმელები ვიყიდეთ. ახლა რა  ვქნათ, არ გვაქვს ტექნიკა. მასწავლებლები კი ურეკავენ და  აწერინებენ დავალებებს, მაგრამ  მაინც ვერ გამოსდით კარგად  სწავლა. ჯახირობენ უფრო. არადა, სკოლა რომ ღია იყო, არ სწავლობდნენ ცუდად ჩემი შვილები“.

სწავლაში ჩართული ოჯახი

ზიტა ფიქრობს, რომ ტექნიკის შესაძენად თანხას კიდევ დიდხანს ვერ შეაგროვებს. ოჯახში, რომელიც მრავალშვილიანთან ერთად, სოციალურად დაუცველიცაა, პრიორიტეტი გამოკვებაა.

ალისუბნის თემში კომპიუტერი და ინტერნეტი კიდევ ხუთ ოჯახს არ აქვს.

თემის სკოლის ხელმძღვანელი ამ ფაქტის გამო ძალიან წუხს. ასეთ ოჯახებს სასკოლო დავალებებზე ინფორმაციას ტელეფონით აწვდიან.

ელისო რობაქიძე იმ გამოწვევებზეც მიუთითებს, რომლის წინაშეც ონლაინ სწავლებამ ის ბავშვებიც დააყენა, რომლებსაც კომპიუტერიც აქვთ და ინტერნეტიც.


,,ბავშვები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და არამარტო გაკვეთილებისთვის“.


ალისუბნის თემის N2 სკოლაში სულ 114 მოსწავლე სწავლობს. მოზარდების 80% აქტიურადაა ჩართული  ონლაინ გაკვეთილებში. 20%-ს, რომლებსაც არ აქვთ ინტერნეტი და ციფრული ტექნიკა, დამრიგლებლებმა ტელესკოლის ცხრილი გააცნეს, რათა სწავლას არ ჩამორჩნენ.


,,თავიდან მინდოდა კორონა დიდხანს ყოფილიყო,  სახლში ყოფნით გული მეჯერებინა
, სკოლისგან დამესვენა. მაშინ ვერ მივხვდი, ეს ცუდი რომ იქნებოდა. ძალიან მომბეზრდა კომპიუტერთან  ჯდომა, თვალებიც მტკივა.  გარეთ ყოფნა მინდა. მენატრება სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები. ზოგჯერ მესიზმრება თითქოს ძველებურად ვარ კლასში“, - მეშვიდეკლასელი


ნინოს მსგავსად, სხვა მოსწავლეებიც განიცდიან სკოლის დეფიციტს. ალისუბნის თემის სკოლის დირექტორის თქმით, ბავშვებს უპირობოდ ურჩევნიათ გაკვეთილები საკლასო ოთახში ჩაუტარდეთ და ამტკიცებენ, რომ უმიზეზოდ აღარასდროს გააცდენენ სკოლას.

ალისუბანში, ახალ რეალობას ერგებიან მასწავლებლებიც. Microsoft office  365-ის  გაგება, მასში  ორიენტირება და მართვა მათთვისაც საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმე აღმოჩნდა.


,,იყო სირთულეები, მაგრამ სიახლეებს არ შევუშინდით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, საერთო „ჩატში“ ვუზიარებდით გამოცდილებებს. ახლა ყველა მასწავლებელი აეწყო სწავლების ახალ წესს“.



როგორი უნდა იყოს მშობლის როლი ონლაინ სწავლებაში



გვანცა ერთდროულად მასწავლებელიცაა და მშობელიც. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეცვლილმა რეალობამ  მას ერთდროულად ორმაგი პასუხისმგებლობა დააკისრა.

მასწავლებელი ნახევარ დღეს მოსწავლეებთან ონლაინ კლასში ატარებს, მათთვის გაკვეთილებს ამზადებს და დავალებებს ამოწმებს. იმავდროულად, საკუთარ პირველკლასელ გოგონას ეხმარება და მეორე მცირეწლოვანს უვლის. საქმე, რომელიც მაქსიმალურ გონებრივ და ფიზიკურ მობილიზებას ითხოვს, დედისა და მასწავლებლის დღეს საკმაოდ დაძაბულს ხდის.


გვანცა მასწავლებელი ონლაინ გაკვეთილზე




,,დღეში 2 ჩართვა მაქვს და რამდენიმე გაკვეთილი. თითო გაკვეთილს 40-45 წუთი სჭირდება. 10 წუთი, ყველას შეკრებასა და ჩართვის დაწყებაში იხარჯება.ზოგჯერ ვამბობ სახლში უფრო ვიღლები მეთქი.  ფაქტობრივად, მთელს დღეს ჯერ კომპიუტერთან, შემდეგ საკუთარ შვილებთან ვატარებ.“


გვანცა ამბობს, რომ ონლაინ–სწავლებამ  მშობლის როლი და სასწავლო პროცესში მისი ჩართულობა გაზარდა. ამავდროულად, ფაქიზია ზღვარი, რომელიც ამ პროცესში უნდა დაიცვან.


,,ონლაინ გაკვეთილები  გამოწვევაა ბავშვისთვის  განსაკუთრებით. ამიტომ, აუცილებელია მშობლის თანადგომა,  ყველაფერში ადვილად რომ გაერკვნენ, არ დაკომპლექსდნენ.  მაგალითად, მას შემდეგ რაც მშობელი დარწმუნდება, ბავშვი ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში, არ არის აუცილებელი თავზე დაადგეს. ასე უფრო იძაბებიან და ვერ კონცენტრირდებიან.  მეც ჩემს პირველი კლასელს გოგონას, როდესაც  ჩართვა აქვს,  ვტოვებ ამხანაგებსა და მასწავლებელთან, რადგან მაქსიმალურად ის გარემო შევუქმნა, რაც სკოლაში ჰქონდათ“.


მარიამის ონლაინ გაკვეთილები


ონლაინ–განათლებაში არსებული გამოწვევები გამოიკვლია გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF - მა. ფონდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სწავლა – სახლში მოზარდებს ჩვეულ რუტინას უცვლის: ისინი  ვეღარ გადიან სახლიდან, ვერ ნახულობენ თანატოლებს.  შეცვლილმა გარემომ, შესაძლოა  ბავშვის ქცევა რთული გახადოს, რასაც პოზიტიური გადაწყვეტა მშობლებმა უნდა მოუძებნონ.


,,სტრესი არ უნდა გადავიტანოთ ბავშვებზე, რადგან ეს პერიოდი მათთვისაც რთულია. პირიქით, თავადვე უნდა ვიყოთ როლური მოდელი ბავშვისთვის  - სიმშვიდის და გაწონასწორებულობის“,
– ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის სპეციალისტი ანა ჯანელიძე.




პანდემია - შვილების გაცნობის შესაძლებლობა


კოვიდ–19– ით გამოწვეულმა იზოლაციამ მშობლებში, აღმზრდელებში შესაძლოა, ემოციური დაძაბულობა და  არასტაბილურობის განცდა გამოიწვიოს.

ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ახალ, ონლაინ რეალობაში მოსწავლეებს ყველაზე მეტად რეალური, ცოცხალი ურთიერთობების დეფიციტი ადარდებთ. ამავე მოსწავლეების მშობლებს სტრესად ექცათ დამატებითი პასუხისგბელობების ტვირთი.

დაძაბული გარემო, თავსუფლებას დანატრებული შვილები და დასტრესილი მშობლები კონფლიქტის სათავე ხდება, რომელიც აუცილებლად უფროსებმა უნდა მართონ.


,,
ყვირილი, მუდმივი საყვედურები ძალადობაა. მნიშვნელოვანია გააცნობიეროს მშობელმა, რომ ამან, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათი შვილების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ამიტომ  მშობელი თუ ვერ უმკლავდება გარემოებას, საჭიროა  მიმართოს სპეციალისტს“.


სოციალური აქტივობის დეფიციტი მოზარდებს მშობლებმა ისე უნდა შეუვსონ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, ხოლო  პანდემიური იზოლაცია ურთიერთობების გაღრმავების, შვილებთან მეტი დროის გატარების შესაძლებლობად აქციონ. სკოლაში დაბრუნებული მშობლები მაინც მშობლები არიან და სირთულეების მიუხედავად, საუკეთესო გამოსავალი  მაინც მათი მოსაძებნია.



ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე მშობლებს გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს:

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

  • არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ.
  • დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს.
  • დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს.
  • შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები.

ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ კვირის გეგმა

გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც. ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა - მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა. გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

ოუსმინეთ ბავშვებს

მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე.

უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ

შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი - გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი - საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება

როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით - მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ.

შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა

დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში:

  • ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი;
  • წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას;
  • იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ;
  • დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე;
  • ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს.

ჩაერთეთ მთელი ოჯახი

სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.

თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. (08 00 00 00 88)

Print