კორონავირუსი
კარანტინში მყოფ მოქალაქეზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება
FaceBook

საკარანტინე სივრცეში მოთავსებული თითოეული ბენეფიციარზე დღეში 100 ლარი დაიხარჯება.


საქართველოს მთავრობის №290 დადგენილების მიხედვით, რომელიც 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებას შეეხება, სახელმწიფოს მხრიდან ტესტირება ანაზღაურდება პსრ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, არაუმეტეს 150, სწრაფი ტესტების გამოყენების შემთხვევაში კი არაუმეტეს 20 ლარით.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ახალი კორონავირუსული დაავადების კოვიდ 19-ის მართვისთვის შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ 89 მილიონ 900 ათასი ლარი გამოყო.

საკარანტინო სივრცეების სასტუმრო მომსახურებას/სამედიცინო მეთვალყურეობა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა (გარდა შპს "აბასთუმნის ფილტვის ცენტრისა", რომლის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება "რეფერალური მომსახურების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში).

საკარანტინო სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კარანტინის კოორდინატორის მომსახურება, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით.

შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება, შენახვა და ტრანსპორტირება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა.

კოვიდ-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პსრ მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 50 ლარისა.

იმ კლინიკებს, რომელთაც 80-მდე საწოლი აქვს, სახელმწიფო თითო საწოლზე დღეში გადაუხდის იმდენჯერ 100 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს (მაგალითად, 80 საწოლის მქონე კლინიკას სახელმწიფო ყოველ საწოლ დღეზე გადაუხდის 8 000 ლარს). რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომელთაც 80-ზე მეტი საწოლი აქვს, მათ სახელმწიფო თითო საწოლ დღეზე გადაუხდის იმდენჯერ 120 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს.

 

Print